საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“

იწყება განაცხადების მიღება დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში - „ადამიანის უფლებათა დაცვის მულტიდისციპლინური ასპექტები გლობალური გამოწვევების ფონზე“ - მონაწილეობის მიღების მსურველთათვის!

 

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდასაჭერად, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გასაღრმავებლად, თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“ მხარდაჭერით, ფუძნდება სტუდენტთა მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი (შემდგომში – „სიმპოზიუმი“), რომელიც ჩატარდება წელიწადში ერთხელ და მისი მიზანია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი უნარების განვითარება და მათი ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის ჩატარება დაგეგმილია 2024 წელს და მიეძღვნება ადამიანის უფლებების მრავალმხრივ განხილვას, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სადოქტორო ნაშრომის ჭრილში, თუ ნებისმიერი მათთვის საინტერესო პერსპექტივიდან, შეაფასონ ადამიანის უფლებების, ცალკეული უფლების აქტუალური საკითხები საქართველოსა და მსოფლიოში.

 

დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტსა და/ან ახალგაზრდა მეცნიერს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა სიმპოზიუმში მონაწილეობის კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. აგრეთვე, პროექტის სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდა მეცნიერები და დოქტორანტები საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებიდან. კონფერენციის სექციები მოიცავს სამართლის ყველა მიმართულებას და მონაწილეები თავისუფალი არიან საკონფერენციო ნაშრომის თემატიკის შერჩევაში, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.

 

საკონკურსო სექციებია:

- სამართლის ისტორია;

- კონსტიტუციური სამართალი;

- ადმინისტრაციული სამართალი;

- კერძო სამართალი;

- სამართლის მეთოდები;

- სისხლის სამართალი;

- საერთაშორისო სამართალი.

 

სამუშაო ენაა: ქართული და ინგლისური.

 

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

- პროფესიული რეზიუმე;

- ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ/შესაბამისი დიპლომის ასლი (ახალგაზრდა მეცნიერის შემთხვევაში);

- თემის სათაური, სექცია და კვლევის აღწერა 300 სიტყვამდე;

- სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (დოქტორანტის შემთხვევაში).

 

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 25 თებერვალი, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: symposium.law@tsu.ge

 

განცხადებების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, საკონკურსო კომისია განიხილავს მიღებულ განცხადებებს და დაუკავშირდება თითოეულ მონაწილეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

 

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:

- შერჩეული საკითხის ღირებულება და ინოვაცია;

- დაგეგმილი აქტივობები და კვლევის მასშტაბი;

- სარგებლიანობა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში;

- ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

 

საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილება სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღების მსურველებს ეცნობებათ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო გუნდს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: symposium.law@tsu.ge

თარიღი: 25/01/2024